აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ.
ბლინკების განცხადებით, „ივანიშვილის და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებების დარღვევა და შეზღუდა მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებები”.
„აშშ-მა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის რუსეთის სასარგებლოდ.
ივანიშვილის და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებების დარღვევა და შეზღუდა მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებები.
მეტიც, მათ შეაფერხეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ შედეგმა საქართველო დატოვა დაუცველი რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, მათ შორის, მუდმივ და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებების აქტივისტების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ. აშშ გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც ზღუდავენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანების 14024-ის 1(ა)(ii)(C) პუნქტის საფუძველზე იმისათვის, რომ ის პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან ირიბად ჩართულია, ან შეეცადა, ჩართულიყო იმ ქმედებებში, რომლებიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობას სასარგებლოდ ან მისი სახელით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.