ნამჩავაძე: ქცევის შეცვლის შემთხვევაში ივანიშვილს აქვს საშუალება, გამოვიდეს სანქციებიდან

პუბლიკა

„OFAC-მა ივანიშვილი არ დაასანქცირა სრულად. წინ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაიტოვა: სანქციების გავრცელება მის კომპანიებზე, მის ოჯახის წევრებზე და ბიზნეს-პარტნიორ ნათესავებზე”, – ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს განმარტავს.

მისივე თქმით, OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან. გთავაზობთ მის facebook-პოსტს:

„ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ (იქაური ფინანსთა სამინისტრო) ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN).

სანქციები არის ინდივიდუალური, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები;

სანქცია გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას;

დასანქცირების პარალელურად OFAC-მა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და „კრედიტ სვისთან“ დავის ფინანსურ შედეგებზე;

სანქციას თან ახლავს ჩანაწერი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძალიან მკაცრი მიდგომაა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, აშშ-ს მხრიდან „დაიბლოკება” (შეეზღუდება წვდომა აშშ-ს ფინანსურ რესურსებზე, დოლარზე, ამერიკულ კომპანიებზე და სერვისებზე);

რატომ არ შეიყვანა აშშ-მა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში, როცა ამის საფუძვლებიც არსებობს?

მაგნიტსკის სია არის ძალიან მკაცრი და ამავე დროს სადამსჯელო, მისი მიზანი არ არის დასანქცირებულ პირს ქცევა შეაცვლევინოს, შეაჩეროს. მისი მიზანი სამუდამო დასჯაა;

OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან;

OFAC-მა ივანიშვილი არ დაასანქცირა სრულად. წინ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაიტოვა: სანქციების გავრცელება მის კომპანიებზე, მის ოჯახის წევრებზე და ბიზნეს-პარტნიორ ნათესავებზე

ასე რომ „მიწაში ჩადეს”, „გაანადგურეს” და ა.შ. ტყუილია. მიდგომა არის თანდათანობითი, რაც სწორია. აშშ-მა დაიტოვა ბერკეტები, რომ თუ რეპრესიებს და ანტიდასავლურ პოლიტიკას გააგრძელებს, სანქციები გაუმკაცროს;

გამკაცრების დიდი პოტენციალია წინ, მაგალითად, იქამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე, რომ გალერია თბილისიდან ბრენდები გამოვიდნენ, სანქციების შიშით

მხატვრულ-ლიტერატურულ წიაღსვლებს, ჯობია, სწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. იქნებ, თავად დასანქცირებულსაც სხვა რამეს უყვებიან”, – წერს ნამჩავაძე სოციალურ ქსელში.