კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“.
უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას.
„მათავისუფლებენ სსიპ – იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ… იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება. ვარ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ტრენერი, სხვადასხვა საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციებში მიწვეული კონსულტანტ – ექსპერტი. დიახ, ჩემმა დამსაქმებლებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა, ყველამ კარგად იცის ჩემი კვალიფიკაციაც და ისიც თუ რა შრომის ფასად მივაღწიე ამ ყველაფერს. 11 წლის წინ კერძო სექტორში დასაქმებაზე უარი ვთქვი და სრულიად გააზრებულად, ქვეყნის სამსახურისთვის, საჯარო სექტორის შიდა აუდიტის დიდ ოჯახს შემოვუერთდი, რომელიც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა და რეფორმის ფარგლებში რთულ და საინტერესო ეტაპს გადიოდა. ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი შრომა, უცხოელი ექსპერტების დახმარებით ჩატარებული არაერთი პილოტური პროექტი, გადამზადებები, მუდმივი განვითარება და დაუსრულებელი სწავლა, სწავლა და სწავლა… ეს ის გზაა, რომელსაც საჯარო სექტორის შიდა აუდიტორები მუდმივ რეჟიმში გავდიოდით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „ევროპისკენ მიმავალ გზაზე“ დღეს ამ ყველაფერს ფასი აღარ აქვს… “ – წერს უდესიანი.
კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.
დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.
საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იურიდიულ დახმარებას ამ ეტაპზე 66 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს უწევს.