ადვოკატი: დილით გაირკვევა, ჯვარშეიშვილს კლინიკაში დატოვებენ, თუ გადაიყვანენ იზოლატორში

პუბლიკა

ადვოკატი ილონა დიასამიძე რუსთაველის გამზირზე ძალადობით დაკავებული გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობის შესახებ წერს.

მისი თქმით, ჯვარშეიშვილი, ამ ეტაპზე უკეთა და იმყოფება „ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

გარდა ამისა, დიასამიძის განცხადებით, არ მიეცა დაცვის ქვეშ მყოფთან ნორმალური კომუნიკაციის საშუალება.

ადვოკატი წერს:

„1. გიას დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური;

2. გია ინფორმაციით, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, როცა გია ვნახეთ, იყო ძალიან აღელვებული (მცირე ხნით გავესაუბრე, ამიტომ სრულად თვითონ მოგვიყვება);

3. დაკავებიდან მალევე სასწრაფო დახმარების ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს კლინიკაში;

4. კლინიკაში გადაყვანის წუთიდან ათამდე პოლიციელი იმყოფებოდა კლინიკაში, რაც, რასაკვირველია, გიას მდგომარეობაზე ცუდად აისახებოდა, იყო აღელვებული;

5. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიცია გიას არ ათავისუფლებს ე.წ ხელწერილის საფუძველზე და არც იმას გვისაბუთებს, რა არის დაკავების საჭიროება;

6. დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მარჯვენა ხელზე არ მოხსნეს ხელბორკილი, გვეუბნებოდნენ, რომ თუკი ექიმი ეტყოდა, მხოლოდ მაშინ მოხსნიდნენ;

7. მხოლოდ რამდენიმე წუთით მომეცა გიასთან საუბრის უფლება, პოლიციამ არ მომცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა;

8. დილამდე გია დარჩება საავადმყოფოში, შემდგომ უკვე ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, გამოწერენ და გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან სასამართლოში/ან მკურნალობას გაარძელებს კლინიკაში.

9. სტანდარტულად, პოლიცია გიას ედევა საქართველოს ადმინიატრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს.

10. ჩვენთან საუბრისას პოლიციელს “წამოსცდა”, რომ აპირებენ გიას 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვებას, როცა ჩავეკითხეთ: რატომ? თავი გაიმართლა, მაქსიმუმი გითხარითო.

11. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო მოსული, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელ ხაზზე არაერთხელ დავრეკე და ვითხოვე, რომ დარჩენილიყო, რადგან პოლიცია მხოლოდ მას აძლევდა შესაძლებლობას, შეუზღუდავად ყოფილიყო გიას სიახლოვეს. გიას სიახლოვეს მისი ყოფნა იყო მნიშვნელოვანი, რადგან გია ამბობდა, რომ თავს დაცულად არ გრძნობდა.

ამის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი რომელი კარიდან “გავიდა” არ დაგვინახავს

როცა ტელეფონით ვესაუბრე, თავი იმართლა, მანდატის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეო”.

გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს.

ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”.

შსს-ს გია ჯვარშეიშვილზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.