ჯვარშეიშვილის ადვოკატი: სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევა, ველოდებით დამატებით კვლევებს

პუბლიკა

გუშინ რუსთაველის გამზირზე ძალადობით დაკავებული გია ჯვარშეიშვილის ადვოკატი, ილონა დიასამიძე აცხადებს, რომ ჯვარშეიშვილი კვლავ კლინიკაში რჩება და ბოლო ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევა. ამის შესახებ ადვოკატმა „ფორმულასთან” ისაუბრა.

„ოფიციალური შედეგების მიხევდით, გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, დაახლოებით, დილის 4 საათისთვის. დღეის მდგომარეობით გვაქვს სიახლეები, გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ აქვს ე.წ. ტვინის შერყევა, ამიტომ ველოდებით დამატებით კვლევებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე, ისევ რჩევა საავადმყოფოში, არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ის ისევ არის დაკავებული. პოლიცია არ იღებს გადაწყვეტილებას ე.წ. ხელწერილით გათავისუფლების თაობაზე”, – განაცხადა მან.

გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს.

ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”.

შსს-ს გია ჯვარშეიშვილზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.