სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს:
- „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
- არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას.
„ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში დაკავებულთა შორის ხვდებიან ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები, ჟურნალისტები, რაც რეპრესიის და ტერორის ინტენსიფიკაციაზე მიუთითებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეჟიმის სამიზნე გახდა გამორჩეული მედია პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც 90-იანი წლებიდან აქტიურ მედია სამუშაოს ეწევა და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, დამოუკიდებლობითა და კრიტიკულობით ხელისუფლებებისა და ძალაუფლების სხვა ღერძების მიმართ.
შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში რეპრესია და მოქალაქეებზე მასობრივი ძალადობა „ქართული ოცნების” ერთადერთი პასუხი გახდა. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში უწყვეტი პროტესტებისა და უკიდურესად მკაცრი საერთაშორისო რეაგირების მიუხედავად, “ქართული ოცნება” არ მიდის გონივრულ დათმობებზე და პირიქით, ზრდის რეპრესიის ხარისხს საკუთარ მოქალაქეებზე.
ეს ძალადობრივი პრაქტიკა საქართველოში ავტორიტარიზმის აღმასვლის შემაშფოთებელი სიმპტომია, რომელიც მოქალაქეებს სულ უფრო მეტად დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე და ართულებს დემოკრატიული გზებით ცვლილებების მიღწევის პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
მანამდე ამავე საბაბით დააკავეს კიდევ 9 ადამიანი.
რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს.
თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
„ბათუმელების” ცნობით, გამომძიებელმა ამაღლობელის ოჯახს აცნობა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.