ირაკლი დგებუაძისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე საიას მოთხოვნას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც უერთდება
გუშინ საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა იმ არასათანადო მოპყრობაზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენა. მათ შორის, ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
საიამ მოუწოდა:
- სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით;
- დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.
გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.