საქართველო 2025 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ინფორმაცია „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას” და bm.ge-ს დაუდასტურა.
განახლება:
ინფორმაცია „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ „პუბლიკასაც” დაუდასტურა და დასძინა, რომ „ამ დროისთვის მოსაწვევი არც ერთი ღონისძიებიდან არ მიუღიათ”.
„რომც გვქონდეს მოსაწვევი, ვერ წავალთ”. – გვითხრა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თუმცა, დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.
„ოცნების” ლიდერები ნახსენები არ არიან ეკონომიკური ფორუმის ვებსაიტზე, სადაც ჩამოთვლილია ფორუმში მონაწილე სახელმწიფო მეთაურების გვარები.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველი წლის იანვარში ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები. ფორუმს, როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები. დავოსის ეკონომიკური ფორუმი პირველად 1971 წელს გაიმართა.
2025 წლის ფორუმის სახელწოდებაა — Collaboration for the Intelligent Age – „თანამშრომლობა ინტელექტის ეპოქაში”.
რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას (MSC) – ეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმი საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. 1693 წლიდან ყოველწლიურად აქ თავს იყრიან პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგდოების ლიდერები და გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებს განიხილავენ.