ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა. CNN წერს, რომ ზავი ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისრაელი დაელოდა „ჰამასის“ მიერ მძევლების სიის გადაცემას, რომლებიც კვირას უნდა გათავისუფლდნენ.
შეფერხების დროს ისრაელმა კვლავ დაარტყა ანკლავს, ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 13 პალესტინელი დაიღუპაა, 30 დაიჭრა.
„ჰამასმა“ გაავრცელა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც კვირას გათავისუფლდებიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.
გონენი 23 წლის იყო, როდესაც ის გაიტაცეს მუსიკალური ფესტივალიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს. მისი ოჯახის თქმით, თავდასხმის დროს მას ხელებში ესროლეს.
სტეინბრეჩერი, ვეტერინარი მედდა 30 წლის იყო როცა ის გაიტაცეს მისი ბინიდან კიბუცში, კფარ აზაში, ღაზის საზღვართან ახლოს. გასული წლის იანვარში „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის ორ სხვა გატაცებულ ქალთან ერთად იყო ნაჩვენები. მისმა ოჯახმა გამოთქვა შეშფოთება მისი ჯანმრთელობის შესახებ კადრების ნახვის შემდეგ, დორონის ძმამ განუცხადა CNN-ს, რომ მას სჭირდებოდა ყოველდღიურად მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტყვეობაში ექნებოდა.
დამარი გაიტაცეს მისი სახლიდან კფარ აზაში, როდესაც ის 27 წლის იყო. დედამისი ამბობს, რომ მას ხელში ესროლეს, შრაპნელით (მსკდომი საარტილერიო ჭურვი) დაზიანებული ჰქონდა ფეხი, თვალახვეული, მისივე მანქანის უკანა ნაწილში ჩასვეს და გადაიყვანეს ღაზაში.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცეს. ტყვეობაში 94 ადამიანი რჩება. 34 დაღუპულად ითვლება.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ 4 000 სატვირთო მანქანა მზადაა ღაზის სექტორში შესასვლელად, რათა ადამიანებს საკვები და მედიკამენტები მიაწოდონ.