კობახიძის თქმით, შეიქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე კომისია

პუბლიკა

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა იმუშაოს, რომ 4 წლის პერსპექტივაში თვისებრივად გარდაიქმნას საუნივერსიტეტო სისტემა.

„გვაქვს მნიშვნელოვანი, ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი იმისთვის, რომ 4 წელიწადში მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა.

თავისუფლადაა შესაძლებელი, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებენ – მოადგილე იქნება ბატონი ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების და მეცნიერების საკითხებში. არცერთი დღე არ უნდა ჩავაგდოთ, 4 წლის თავზე სრულად უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – თქვა მან.


ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნოდ საუბრობდა, რომ განათლების რეფორმა „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა.

ის ამბობდა, რომ „პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია“;  რომ „განათლების სისტემა გარე დავალებით წინა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე მოირგო“. მისივე თქმით, „თსუ-ში პროფესორების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და არ აქვთ კვალიფიკაცია“.

ერთ-ერთი ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ საზოგადოებას შესთავაზებენ თვისებრივ რეფორმას. შეკითხვაზე, რას უპირებენ ადამიანურ რესურსს, მან განაცხადა, რომ „თუ სწორად დალაგდება სისტემა, „თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში შექმნა რესურსი, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტი მიიღებს ზუსტად ევროპულისა და ამერიკულის იდენტურ განათლებას. მათ შორის ღირებულებებსაც ეხება ეს ყველაფერი“.

ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ განათლების სისტემის რეფორმის დროს იქნება ისეთივე წინააღმდეგობა, როგორიც შეხვდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს.