„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ოცნების” პრეზიდენტს მადლობას უხდის 613 პატიმრის შეწყალების გამო.
მისი თქმით, „ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაშიც რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით”.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების აქტის გამოცემის გამო. 613 პატიმარი იქნა შეწყალებული პრეზიდენტის აქტით. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო შესაბამის უწყებებს, მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან. ბატონ ანრი ოხანაშვილს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და სხვა უწყებებს. ეს არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.
მე მინდა, მათ [პატიმრებს] ვუსურვო ყველას სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 19 იანვარს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. განცხადებაში არ წერია, რომელ მუხლებს შეეხო შეწყალება.