მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 23 იანვარს გამოცხადდება.
საქმე დღეს, 21 იანვარს განიხილა მოსამართლე ნინო ენუქიძემ და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 23 იანვრის 17:00-ისთვის გადადო.
მსახიობს შსს ედავება 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. საქმეში მტკიცებულებად ფოტოები და ვიდეომასალებია წარმოდგენილი.
დაცვის მხარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვს, რადგან, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, ბაჩო ქაჯაია აქციას მაშინ შეუერთდა, როცა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი იყო და წარდგენილ მტკიცებულებში არ ჩანს, რომ ქაჯაიამ გადაკეტა გზა ან მას ამის განზრახვა ჰქონდა.
ადვოკატი აპელირებდა, რომ შსს-ს წარდგენილ ერთ-ერთ მტკიცებულებაში, რომელიც აქციის ზოგადი კადრია, ბაჩო ქაჯაია საერთოდ არ ჩანს.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები განხილვის ეტაპზე დარბაზში მსხდომთათვის საჯარო არ ყოფილა.
თავად ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
„ჩემი მიზანი ყოველთვის არის ევროპული მომავლის დაცვა, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის ვდგავარ იქ, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისთვის, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში ნაცემები არიან და იმ უსამართლობის განცდის გამო ვდგავარ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და ეს მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს.
ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ქმედებას, რადგან ვხედავ და ვატყობ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, როდესაც საჯარო სივრცეში ვარ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო. ეს გააზრებული მაქვს.
ყოველთვის ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს ქმედებას, რადგან შეიძლება, რაღაც მიმბაძველობითი იყოს ან ა.შ. ამიტომ ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები და არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ მახსოვს, ან მოსულიყოს სამართალდამცავი ჩემთან და რამე მითითება მოეცეს, თუ ეს ასე ყოფილა და მე არ მახსოვს, აბსოლუტურად გამოვრციხავ, რომ მას მე არ დავემორჩილებოდი.
მგონია, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის და არ ვარ ღირსი, რომ ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“, – თქვა მან.
ბაჩო ქაჯაიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარვევას გულისხმობს და 5000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია ,,ქართულმა ოცნებამ” ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდეგ გაამკაცრა – კანონპროექტი დაჩქარებულად, სამ დღეში მიიღეს, მიხელ ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.