„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტთან

პუბლიკა

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გამართეს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.

„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა.

გუშინ, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.

15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა.

მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.