„აამოქმედეთ რეალური სანქციები" - ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართა

პუბლიკა

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა – დეპუტატებმა შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და კომისიას მოუწოდეს „რეალური სანქციების“ ამოქმედებისკენ.

ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” მზარდი ძალადობა არა სიძლიერის, არამედ „პანიკის“ ნიშანია.

„გასულ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს მთავრობის ხულიგანთა ჯგუფი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარია დატოვეს დასისხლიანებული, გატეხილი ძვლებით, მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთეული ინციდენტი – გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები დააკავეს, აწამეს და ციხეებში ჩასვეს. მათი დანაშაული? უკვე 55-ე დღე ქვეყნის ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩებში გამოსვლაა. და მე ამ ადამიანების გამბედაობა ვიხილე – ისინი ერთად იბრძვიან ამ ევროკავშირში მათი მომავლისა და ამ ევროპარლამენტში მათი წარმომადგენლობის უფლებისთვის.

ამას აკეთებ მაშინ, როცა იციან, რომ საქართველოში არავინ არის უსაფრთხოდ, „ქართული ოცნების“ რეპრესიებისა და მუქარების ფონზე. მაგრამ ქართველები საკუთარ თავს არ აძლევენ უფლებას ამით შეშინდნენ და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ – იმიტომ, რომ ეს ძალადობის ესკალაცია არის არა სიძლიერის, არამედ იმის ნიშანი, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია. ისინი პანიკაში არიან იმიტომ, რომ მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა“, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა კი სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების პროტესტზე – მან აღნიშნა, რომ მოქალაქეები აქციებზე დგანან სიცივის და პოლიციის მხრიდან მოსალოდნელი უმიზეზო ძალადობის მიუხედავად. მან გააკრიტიკა ევროკომისიაც მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებისთვის დაწესებული სანქციების გამო და მოუწოდა, რეალური ნაბიჯებისკენ.

„დღეს ძალიან ცივა, წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და დგახართ მომდევნო 6 საათი. კანკალებ, ნერვიულობისგან მუცელი გტკივა და შიშობ, რომ პოლიცია უმიზეზოდ გცემს. შენს სახლში ოჯახთან ერთად დივანზე ჯდომა ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რჩები და ხვალაც მიდიხარ, ისე, როგორც ბოლო 55 დღის განმავლობაში, რადგან გინდა შენმა ქვეყანამ შეწყვიტოს დიქტატურად გადაქცევა; რადგან გინდა, შენს ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატია და თავისუფლება; რადგან გინდა, რომ შენი ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირს.

ახლა, როგორ იგრძნობდით თავს, ამ კავშირს, თვეების განმავლობაში გამართული დებატების შემდეგ რომ გადაეწყვიტა, მხოლოდ ოდნავ გაერთულებინა რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის თვითმფრინავით მოგზაურობა? ევროკომისიავ, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება, გაემგზავრეთ თბილისში, დაუჭირეთ მხარი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და აამოქმედეთ რეალური სანქციები“, – აღნიშნა მან.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიჰალ ვავრიკევიჩმა კი სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა ამონარიდი მზია ამაღლობელის წერილიდან:

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“, – მამაცი ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი სიტყვები გვახსენებს, როგორი სერიოზული ვითარებაა დღეს საქართველოში. ის დგას ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე კი ვდგავარ მასთან და ყველა შესანიშნავ ადამიანთან ერთად თბილისისა თუ ბათუმის ქუჩებში. და უბრალოდ, ვიტყვი: დღეს მე ქართველი ვარ.

ევროპა სათამადოდ არ აფასებდა რუსულ იმპერიალიზმს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ ვერ გავიმეორებთ იალტის და 2014 წლის შეცდომებს. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ უნდა დავაწესოთ უფრო ძლიერი სანქციები და მხარი დავუჭიროთ როგორც მედიას, ისე მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

როგორც მზია ამაღლობელი ამბობს: „დღეს ეს მე ვარ, ხვალ შეიძლება იყოს ნებისმიერი“. ერთადერთი რამ, რაც ბოროტების ტრიუმფს სჭირდება, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი გააკეთონ. მოდი, არ დავაღალატოთ საქართველო”, – თქვა მან.