მდინარაძე ადასტურებს, რომ აბუ-დაბიში ჩხუბის შემდეგ ზარქუა და სანიკიძე დაჯარიმდნენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ „ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო დაჯარიმდნენ. მისივე თქმით, ორივე მათგანი თბილისშია.  მდინარაძე ამბობს, რომ ჯარიმა დაეკისრა დაპირისპირებაში მონაწილე „ორივე მხარეს“, ანუ მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსაც.

„თბილისშია ორივე. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. პატიმრობაში ოფიციალურად, ფორმალურად, როგორც გინდათ დავარქვათ, არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში ორივე. […] დასრულდა სამართალწარმოება და ჯარიმები იყო თუ არ ვცდები, ყველას, ორივე მხარეს რაღაც ჯარიმები დაეკისრა. აღარ მახსოვს რამდენი იყო, მაგრამ არ იყო [იმდენი] თქვენ რომ ავრცელებთ, ერთ-ერთმა დაწერა დღეს სოციალურ ქსელში 50 000 თუ 100 000 თუ რაღაც – არა. როგორც წერენ დოლარებში ამასთან მიახლოებული არაა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა გაბიტაშვილმა სასტუმროში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ის ყვებოდა, რომ სასტუმროში საუზმის დროს „ოცნების“ წევრები მასთან მივარდნენ გუშინ მომხდარის გამო. ლაშა გაბიტაშვილმა წინა დღეს აბუ-დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.