სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების” მუხლით მიმდინარეობს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას” განუცხადეს, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო.
მას შემდეგ, რაც „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა უფლებადამცველებს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ მოუყვა, ადვოკატები ითხოვენ, რომ საგამოძიებომ სათანადო კვალიფიკაციით დროულად გამოიძიოს დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, ხოლო დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს განუცხადა, რომ ირაკლი დგებუაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შეაფურთხა სახეში და არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.