უკრაინის „ამერიკის ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულება 90 დღით საერთაშორისო დახმარების შეჩერების შესახებ სამხედრო პროგრამებს არ მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას პენტაგონიდან დაუდასტურეს.
„უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარება საგარეო დახმარების შეზღუდვებთან დაკავშირებით ბოლო განკარგულებას არ ექვემდებარება, რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ მოიცავს განვითარების პროგრამებს და არა სამხედრო მხარდაჭერას“, – განუცხადეს მედია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.
დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების ფარგლებში აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა – მან გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც მომდევნო 90 დღის განმავლობაში ამერიკა გადახედავს, რამდენად თავსებადია ეს პროგრამები აშშ-ის პოლიტიკურ მიზნებთან.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თავსებადი ამერიკულ ინტერესებთან და გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს, ამასთან, ის გავლენას ახდენს მსოფლიო მშვიდობაზე უცხო ქვეყნებში იმ იდეების გავრცელებით, რაც აფერხებს ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
შესაბამისად, ტრამპმა განაცხადა, რომ დახმარება აღარ გაიცემა ისე, რომ ის სრულად არ მოდიოდეს შესაბამისობაში აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გასულ კვირას სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა:
„თითოეული დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, თითოეული პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და ჩვენი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს შემდეგ სამ მარტივ კითხვას: უსაფრთხოს ხდის ამერიკას? აძლიერებს ამერიკას? წარმატებულ ხდის ამერიკას?”.