მარიამ სიჭინავა სასამართლომ ამჯერად 2 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

პარტიის ცნობით, მათი წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დღეს ზუგდიდის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო. დღევანდელ პროცესზე სიჭინავა ბალაკლავით, ხალათითა და ჩუსტებით მივიდა.

მანამდე სიჭინავა ორჯერ დააკავეს აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო, პირველად 13 იანვარს დააკავეს, შემდეგ კი 16 იანვარს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. ეს მუხლი შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. სიჭინავა ორივე შემთხვევაში 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმეს.

მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.