შსს იძიებს ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეს

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბანგკოკის ინტერპოლიდან მიღებული წერილის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).

საუბარია ტაილანდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედებდა ტრეფიკინგის სქემა – მსხვერპლები ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიყვანეს ქვეყანაში და ისინი ყოველთვიურად იძულებით იყვნენ ჩართული კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურებში.

უცხოური მედიის ცნობით, ბავშვთა და ქალთა ფონდმა „პავენამ“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალი ჰყავდათ ჩართული ამ სქემაში, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

მედია წერს, რომ ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების ჩარევის შემდეგ, ტაილანდში დაბრუნდა სამი ქალი.

„სამართალდამცველებმა გამოძიების დაწყებისთანავე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს, მათ შორის დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა ჩხრეკა. გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა არცერთ მათგანს გარდა 3 ტაილანდელი ქალბატონისა, რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გამოკითხული 3 ტაილანდელი ქალბატონი განმარტავდა, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა და საცხოვრებელ მისამართზე დარჩენა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს მოხდა სამივე ქალბატონის გადაყვანა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მათ ქვეყანა დატოვეს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პოლიციამ ასევე გამოჰკითხა უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე, რომელთა მიერაც ტაილანდის მოქალაქეების საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოყვანა მოხდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.