საგამოძიებო: 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დაკავებულია 40 წლის მამაკაცი

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook“-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას. ბრალდებული არასრულწოვანებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა”.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო.

მათ შორის, ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები.

გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე „Facebook“-ის და “Instagram”-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვანებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.