საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ევროპოლის დირექტორს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს. აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას.
ევროპოლი ევროპის პოლიციის სამსახურია. საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით უმთავრესი პრიორიტეტია ევროპოლთან თანამშრომლობა და ეს ეფუძნება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილს ქ. თბილისში ხელმოწერილ შეთანხმებას.
სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ჰქონდა ასევე ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან.
„ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ!“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ის ასევე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას.
„გიტანას ნაუსედას შევხვდი საქართველოში არსებულ სიტუაციასა და მზარდ რეპრესიებზე სასაუბროდ. რუსეთის ბრძანების შემსრულებლებს პასუხი უნდა დაეკისროთ. მადლიერი ვარ ლიეტუვის მხარდაჭერისთვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში“, – დაწერა შეხვედრის შესახებ ზურაბიშვილმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს, 14 თებერვალს გაიხსნა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის გუნდის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ის დელეგაციასთან.
მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ და „რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
ის მიუნხენში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც.