საქართველოს ორ მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმმა 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ანთაძე

პუბლიკა

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს მიუსაჯა დე ფაქტო რეჟიმმა პატიმრობა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან თქვა, რომ 2,5 წლით პატიმრობა მიესაჯათ იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილს.

„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, ზოგიერთ ჩვენ თანამოქალაქესთან დაკავშირებით, კერძოდ, იასონ გენგიურისა და სერგო მერებაშვილის საქმეზე. როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან ე.წ. სასამართლოს, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როცა გაცილებით მეტი ე.წ. სასჯელი იქნა შეფარდებული მათთვის, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში“, – თქვა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განცხადებით მათ ედავებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას.

ანთაძემ შეხვედრის დასაწყისის დროს თქვა, რომ უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.