რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ პატიმართან, დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას რაიმე სახის გარეგანი დაზიანება არ ჰქონია. მისივე თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში იყო და კლინიკაში შეყვანისთანავე რანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა არაერთგზის. კონკრეტულ დიაგნოზზე მე თქვენ ვერ გესაუბრებით ამ შემთხვავში, მაგრამ საუბარია, თერაპიული მიმართულების დაავადებებზე და როგორც გითხარით, კლინიკაში არაერთხელ იყო შემოსული. ბოლოს შემოვიდა, 8-ში 13:00 საათზე, ეს იყო შაბათი. რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ დეპარტამენტში და უტარდებოდა სრულფასოვანი მკურნალობა. იქ რაიმე სახის გარეგან დაზიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, არანაირი, იმიტომ, რომ ნანახია პაციენტი მიმღებ განყოფილებაში, შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში. არანაირი სახის ტიპის დაზიანება მას სხეულის ზედაპირზე არ აღენიშნებოდა… რომ გარდაცვლილი შემოიყვანეს, ეს აბსოლუტურად არარეალურია, რომ ყოფილიყო გარდაცვლილი, მაშინ გარდაცვალება დაფიქსირდებოდა მიმღებ განყოფილებაში. შემოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობით, ამიტომ მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რაც დადგა“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ოჯახი პატიმარ დავით გუჯეჯიანის გარდაცვალებაში ციხის თანამშრომლებს ადანაშაულებს. დედის და ცოლის თქმით, გუჯეჯიანს, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი გარდაცვალებაც ამან გამოიწვია.
ომბუდსმენის აპარატში „პუბლიკას” უდასტურებენ, რომ მათ გუჯეჯიანების ოჯახმა არაერთხელ მიმართა. აპარატი ამბობს, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე მისი წარმოადგენლის მხრიდან მასალების მიწოდებას ელოდებიან.