ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, საკოორდინაციო შტაბის განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია.
„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით. მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.
ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში“,- ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეებმა „ფეისბუქზე” გააკეთეს ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის”. ისინი ცდილობენ რესურსების მობილიზებას და გურიაში ჩასვლას ადგილობრივების დახმარების მიზნით.
მოხალისეებს სურთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც გზის გაწმენდაში, ისე ადგილზე ჩაიტანონ საჭირო მედიკამენტები. გურიაში ჩასვლას გეგმავენ ოფროუდერები და ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მთაში, თოვლში სიარულის გამოცდილება.
დღეს „ოცნების“ მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს”.
განცხადებით თანახმად, „სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები”.