შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაეხმარა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი, შოთა ქარუმიძე დააკავა.

უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ. გამოძიება ამბობს, რომ ის 5 მარტს, იმ დროს დააკავეს, როცა სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას.

პოლიციამ ამოიღო ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.

უწყება ამბობს, რომ 2024 წლის დეკემბერში დაკავებულ – შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი ის თანხას მიიღებდა.

„შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის – დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა“, – ამბობს შსს.

უწყების განცხადებით, პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა.

„ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა. გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა“, – წერს შსს.

შსს ამბობს, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ.

„გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა. შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი“, – წერს უწყება.

შსს-ს ცნობით, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.