ევროკომისიის სპიკერი: საქართველოში ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას არჩევნების შემდეგ

პუბლიკა

ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, საქართველოში ხედავენ ადამიანის უფლებების გაუარესებას არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ევროპულ გზას.

„საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული და ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების გაუარესებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. შედეგად, ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები. გავყინეთ ფინანსური დახმარება.

ეს თანხა ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად მივმართეთ და მივიღეთ ზომები დიპლომატიური ვიზების კუთხითაც. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ვითარების მონიტორინგს, რათა ჩართულები ვიყოთ და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, – განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა.