საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა და „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა“.
„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრის შესახებ მალევე გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომაც.
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.