რუსთაველის თეატრმა სპექტაკლებდან მოხსნა მსახიობები, რომლებმაც სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს

პუბლიკა

მსახიობი ანა ამილახვარი, რომელმაც 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის სცენიდან სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა, აცხადებს, რომ ის და მისი კოლეგები სპექტაკლებიდან მოხსნეს.

2 თებერვალს ანა ამილახვარმა და მისმა ორმა კოლეგამ რობერტ სტურუას სპექტაკლის, „მიჯაჭვული პრომეთეს“ დასრულების შემდეგ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მაისურები და ბანერი გამოაჩინეს.

დღეს „მიჯაჭვულ პრომეთეს“ ანა ამილახვარის გარეშე ითამაშებენ.

სპექტაკლებიდან მოიხსნა მსახიობი თამთა ინაშვილიც.

ანა ამილახვარი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ 6 თებერვალს თეატრმა მათ მისცა გაფრთხილება, 10 თებერვალს კი გამოსცა განკარგულება, რომ პროტესტის მონაწილე მსახიობები სპექტაკლებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ მსახიობებმა დაარღვიეს შინაგანაწესი:

„სამმა მსახიობმა ყოველგვარი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე თვითნებურად განახორციელეს შემდეგი ქმედება:

კოსტიუმის შიგნით ჩაიცვეს მაისური სააგიტაციო, პროპაგანდისტული მოსაზრებების გამომხატველი წარწერით და მაყურებლის წინაშე წარდგნენ ასეთი ფორმით.

…ამასთან, თეატრის მსახიობებს ეკრძალებათ სცენაზე კოსტიუმის გარდა სხვა სამოსით შემოსვლა, ასევე მსახიობმა არ უნდა დაუშვას თვითნებურად ცვლილებების შეტანა, მაგალითად, კოსტიუმის ცვლილება და სხვა“.

ანა ამილახვარი ამბობს, რომ პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისგან, რობერტ სტურუასგან არაერთი შეურაცხყოფა მოსიმინა, რის შემდეგაც მის სპექტაკლებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა არ მოელოდა, რომ თეატრი სამივე მსახიობს მოხსნიდა სპექტაკლებიდან.

„იმდენი შეურაცხყოფა მოგვაყენა ბატონმა რობერტ სტურუამ საჯაროდ და მერე დამეთხვა ისიც, რომ ბერა ივანიშვილი შევიდა თეატრში, მე ჩავთვალე, რომ ეს სრულიად შეურაცხმყოფელი იყო ყველასთვის.

[სტურუამ] ჩვენ, მის მსახიობებს, უნიჭო მონები გვეძახა და კლარა ცეტკინები დაგვარქვა და მე ამაზე გავბრაზდი და საერთოდ აღარ მინდა მის სპექტაკლში მონაწილეობა, თუ უნიჭო მონა ვყოფილვარ-მეთქი და მივწერე დასის გამგეს, ძალიან გთხოვთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი რობერტი შეურაცხყოფას გვაყენებს და მე არ მინდა ამაში მონაწილეობა და არ მინდა, კიდევ უფრო მეტად დავძაბო ყველაფერი, მე აღარ მინდა მის სპექტაკლებში მონაწილეობა და მომხსენით როლიდან-მეთქი.

მაგრამ ამათ 10 თებერვალს გამოსცეს განცხადება, რომ მეც და ის ორი მსახიობიც, რომლებიც ვიღებდით პროტესტში მონაწილეობას – სამივე მოგვხსნეს სპექტაკლებიდან. ეს ჩემთვის ათასმაგი სასჯელი იყო, ვიდრე მხოლოდ მე რომ მოვეხსენი“, – ამბობს ის.

ანა ამილახვარი განმარტავს, რომ თეატრის შინაგანაწესი, რომლის დარღვევის საფუძველზეც მოხსნეს სპექტაკლიდან, პრობლემურია და ის ამას ყოველთვის აპროტესტებდა. ის ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა მხოლოდ მაშინ გამოხატეს სამოქალაქო პოზიცია, როცა სპექტაკლი დასრულდა და აპლოდისმენტებიც სრულდებოდა.

მისი თქმით, შინაგანაწესის მიხედვით, შენიშვნის მიღება, შეიძლება, მისი თეატრიდან გათავისუფლების საფუძველიც გახდეს. მსახიობმა თეატრის გადაწყვეტილებაზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

„ჩემმა იურისტმა რომ წაიკითხა შინაგანაწესი, თქვა, რომ შენ ხარ ბატონი რობერტის პირადი მონა“, – ამბობს ის:

„გვედავებიან და გვეუბნებიან, რომ თურმე შეურაცხყოფილად გრძნობს რუსთაველის თეატრი თავს, ჩვენ თურმე თეატრისთვის შეურაცხმყოფელი საქციელი გავაკეთეთ, ერთიც კი არ აქვთ იურიდიულად დასაბუთებული და ორი შენიშვნა მოგვცეს, რაც არის კატასტროფული დარღვევა, იგივეა, ერთი დანაშაულისთვის ორჯერ დაგაპატიმრონ. მაგალითად მოჰყავთ შინაგანაწესი.

მე მანამდეც, სულ, რაც თეატრში ვარ, მქონდა პროტესტი და მოვითხოვდი, ყურადღება მოგვაქციეთ-მეთქი, შინაგანაწესს განსაზღვრავს თეატრის ხელმძღვანელობა და თეატრის მსახიობებმა ხელი მოვაწერეთ ისეთ რაღაცას, რაც ადამიანის ყველანაირ უფლებას ზღუდავს. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ბატონი რობერტ სტურუას საკუთრებები და რასაც ის თვლის და ფიქრობს და ესიზმრება, ყველაფერზე თანხმობაზე მაქვს ხელი მოწერილი.

მე როცა სიჩუმე იყო და არ იყო ამბოხი, მაშინ ერთი ავჯანყდი ამ თემასთან დაკავშირებით და მითხრეს, თუ რამე პრეტენზია გაქვს, მიბრძანდი თეატრიდანო, ზოგადად, ყველა საკითხზე ამ პასუხს ვიღებდი.

ამ შინაგანაწესზე მედავებიან, მაგრამ არსებობს კონსტიტუციაც. სარჩელი უკვე შეტანილი მაქვს სასამართლოში, ამ დოკუმენტებს მე აუცილებლად გავაბათილებ.

შენიშვნა ხომ არის ერთი „განაჩენი“ და მეორე „განაჩენია“ რომ სპექტაკლებიდან მოგვხსნეს. შენიშვნა როგორი რაღაცაა, მაგალითად, დღევანდელი დღის გამო, მე რომ ინტერვიუებს ვაძლევ და საპასუხოდ მათაც დაურეკეთ და ისინი ხომ შეწუხდნენ, ამის გამო შეუძლიათ, მითხრან, რომ ჩვენ ძალიან შევწუხდით შენი აქტივობებით, შენი დაპირისპირებით, კონკრეტულად სახელს კი არ იტყვაინ, რუსთაველის თეატრთან – რობერტ სტურუა წარმოადგენს რუსთაველის თეატრს და ამის გამო გამათავისუფლონ სამსახურიდან, ისე, რომ არგუმენტის დაწერაც არ დასჭირდებათ“, – ამბობს ის.

ანა ამილახვარი ამბობს, რომ თეატრში მუშაობის 10 წლის განმავლობაში არც შენიშვნა მიუღია, არც უარი უთქვამს რომელიმე სპექტაკლში მონაწილეობაზე და მისთვის, როგორც მსახიობისთვის, რთულია იმ სპექტაკლებში როლის დაკარგვა, რომელსაც დიდი დრო და ენერგია შეალია.

„მარტო ამ სპექტაკლზე, დღეს რაც გაიმართება, 9 თვე მაქვს მარტო ნამუშევარი რეპეტიციებზე. დღე და ღამე მაქვს გათენებული ნერვების ფასად, ჩემი ფიზიკური დატვირთვის ფასად, პატარა შვილი მყავს და 24 საათი შევწირე თავი ბატონი რობერტის რეპეტიციებს და ეს ვითომც არ ყოფილა, ვითომც არ ვარსებობ, ისე ჩამანაცვლეს სპექტაკლში და თითქოს არაფერი ხდება, ბედნიერად ითამაშებენ. სრულიად უმიზეზოდ, არაარგუმენტირებულად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვარ დასჯილი“, – ამბობს ის.

რუსთაველის თეატრის დასის გამგე დავით უფლისაშვილი „ტელეკომპანია პირველთან“ აცხადებს, რომ მსახიობებმა დაარღვიეს შინაგანაწესი, რომლითაც მსახიობებს სპექტაკლის მიმდინარეობისას პოზიციის გამოხატვა ეკრძალებათ.

„იცით, რაც მოხდა თეატრში და გადაწყვეტილება სამხატვრო ხელმძღვანელმა, მთავარმა რეჟისორმა მიიღო [დიახ, რობერტ სტურუამ და დათო საყვარელიძემ, თეატრის მთავარი რეჟისორი], რომ ყველა სპექტაკლიდან განთავისუფლდნენ.

ჩვენ გვაქვს შინაგანაწესი, როცა დადგმულია, როდესაც აკეთებენ მაყურებელთან თავის დაკვრას, ამ დროს არ შეიძლება სხვა კოსტიუმით და სხვა რამე შემოიტანონ თეატრის სცენაზე.

დასრულების შემდეგ არ მომხდარა, ეს მოძრაობები დადგმულია, მაყურებელთან წინ გასვლა და თავის დაკვრა. სპექტაკლი მთავრდება მაშინ, როცა ფარდა იკეტება. [მსახიობებს აზრის გამოთქმის უფლება სცენიდან] არ გააჩნიათ“, – უთხრა მან „ტელეკომპანია პირველს“.


სპექტაკლ „მიჯაჭვული პრომეთეს“ რეჟისორი რობერტ სტურუაა.

მისი შემადგენლობა იყო: მანანა აბრამიშვილი, ანა ამილახვარი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლუკა გულედანი, ბუკა თოლორდავა, კახა კუპატაძე, ირაკლი კერესელიძე, მარიტა მესხორაძე, ბექა მეძმარიაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი, ქეთევან სვანიძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ნატალია ყულოშვილი, ქეთი ხიტირი, ლევან ხურცია.

რუსთაველის თეატრზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, 14 მარტს სპექტაკლში მონაწილეობას აღარ მიიღებენ ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი.

მასში მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, ნინო არსენიშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კუპატაძე, მარიტა მესხორაძე, ეკა მინდიაშვილი, ქეთი ხიტირი, გაგი სვანიძე, ქეთევან სვანიძე, ბუკა თოლორდავა, ლუკა გულედანი, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ბექა სონღულაშვილი, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ეკატერინე მოლოდინაშვილი, მალხაზ ქვრივიშვილი.