ცოლის თქმით, აფგან სადიგოვს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

პუბლიკა

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია.

„ბიძინა ივანიშვილის უღირსი რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია. ირაკლი კობახიძე, ეს არის შენი მიზანი? რატომ არის ავფგან სადიგოვი კვლავ ციხეში და ასეთ მდგომარეობაში? თუ ალიევის შემდეგ სცენარს ელოდებით? სასწრაფოდ შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური წესრიგი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ავფანი. რასაც თქვენ აკეთებთ, კანონს ეწინააღმდეგება და დანაშაულია“, – წერს სევინჩ სადიგოვა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან საფიგოვმა შიმშილობა 161 დღის შემდეგ, 28 თებერვალს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება აუკრძალა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელსაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება დევნის, აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს.

2025 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკვე მეორედ, სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით გააგრძელა.

საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს და ის აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, მის ექსტრადიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ვერ შეძლებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

„შესაბამისად მისი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება უკანონო და უსაფუძვლო იქნება. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ დატოვებს პატიმრობაში ამდენი ხნის განმავლობაში ისედაც უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს“, – აცხადებს ორგანიზაცია.