„ქართული ოცნების“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 12 მარტის ბრძანებით, რესურსცენტრის უფროსს უფლებამოსილება ენიჭება რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, ბრძანებით განსაზღვროს რესურსცენტრის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას.
განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ბრიფინგზე გამოეხმაურნენ პარტია „ლელოში“.
პარტიის წევრის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის, როლანდ შავაძის თქმით, სამინისტრო სკოლების კონტროლის მიზნით ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნას აპირებს, რომლებმაც სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა უზრუნველყონ. მისივე შეფასებით, მინისტრის ამ ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება.
„განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზეც, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.
რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მოქცევა მარწუხებში. ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური“ მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდის გასავრცელებლად“, – ამბობს როლანდ შავაძე.
ბრძანების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ჩვენ მათ მივწერეთ შეკითხვები როგორც მიღებული გადაწყვეტილების მიზნებთან, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. ასევე ვთხოვეთ საპასუხოდ შეეფასებინათ „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადება საჯარო სკოლებში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. სამინისტროში გვითხრეს, რომ შეკითხვებზე პასუხს მოგვაწვდიან. პასუხებს მიღების შემთხვევაში გამოვაქვეყნებთ.