ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. როგორც მაღაროელები აცხადებენ, დღეს დილიდან ჭიათურის მერიის შენობის პიკეტირება იყო დაგეგმილი, თუმცა, მათივე თქმით, ამ ეტაპზე პიკეტირებისგან თავი შეიკავეს, რადგან გარკვეულმა პირებმა სთხოვეს, „ცოტა ხანს კიდევ შეგვენარჩუნებინა მოთმინება“.
მაღაროელების მოთხოვნაა, ხელფასის დაპირებული 60%-ის დაუყოვნებლივ ჩარიცხვა.
„ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს, მშიერ და გამწარებულ ადამიანს ვერავინ ვერ შეაშინებს და ვერც ვერავინ ვერ მოერევა. რატომ არ გავაკეთეთ დღეს ეს [მერიის პიკეტირება]? გარკვეულმა ადამიანებმა გვთხოვეს, რომ ცოტახანს კიდევ მოთმინება შეგვენარჩუნებინა. გვთხოვეს იმ ადამიანებმა, ვისი სიტყვაც დასაჯერებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას არასდროს არ გავაკეთებთ, აუცილებლად გავაკეთებთ, თუ ამის საჭიროება იქნება. ცოტა ხანს კიდევ გავძლებთ, მაგრამ ეს ცოტა ხანი არ იქნება კვირები – ეს იქნება ერთი-ორი დღე […]
ჩვენ ვართ უყურადღებოდ დარჩენილი, ჩვენი შვილები არიან საშიმშილოდ განწირული… დღესვე დარიცხონ ის დაპირებული 60%. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, უნდა მოხდეს ის, რომ გაჩნდეს ხალხში იმედი, რომ რაღაცა დალაგდება, უნდა ჩაირიცხოს ხელფასები დღესვე, რომ ხალხმა სახლში პური მიიტანოს. დღესვე დარიცხონ დაპირებული 60%, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, რომ აზრზეც ვერ მოხვალთ. ეს არის ადამიანების დაცინვა, რაც აქ ხდება“, – ამბობს მაღაროელი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, მერაბ სარალიძე.
ჭიათურის მერიასთან შეკრება მაღაროელებმა დღეს, დილის 8 საათისთვის დააანონსეს. დილიდან ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მაღაროელების თქმით, შეკრებისკენ მოწოდების საფუძველი იყო მათი ინფორმაცია, რის მიხედვითაც, დღეს დილიდან კოოპერატორები მაღაროებში მუშაობის განახლებას აპირებდნენ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ უკვე 18 დღეა ჭიათურაში პროტესტია. დაპირებული ხელფასის ჩარიცხვის გარდა, მაღაროელების მოთხოვნებია:
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.