შსს-ს ცნობით, დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული – 1975 წელს დაბადებული გ.უ.

ის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, გვიან საღამოს მოხდა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.