საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი” საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება დაიწყო.

„პუბლიკას” პროკურატურაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პროკურატურამ გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 მარტს კომისიის სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. მან დაწერა, რომ „ოცნების” პარლამენტში მომუშავე ე.წ. საგამოძიებო კომისია არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის არის ერთპარტიული.

კომისიის 26 მარტის სხდომაზე კენჭი უყარეს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბადრი ჯაფარიძის უარსაც სხდომაზე წარდგენის შესახებ საქართველოს პროკურატურას გადასცემენ.