კრემლი აქვეყნებს ობიექტების სიას, რომლებზეც დროებითი ცეცხლის შეწყვეტისას თავდასხმა არ უნდა მოხდეს

პუბლიკა

კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული სია ობიექტებისა რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებზეც ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ფარგლებში თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.

სიაში, რომელზეც ამერიკული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, შედის:

  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
  • ნავთობისა და გაზის მილსადენები და საწყობები, მათ შორის, სატუმბი სადგურები;
  • ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი ბლოკები;
  • ატომური ელექტროსადგურები;
  • ჰიდროელექტრო კაშხლის ნაგებობები.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ დროებითი მორატორიუმი „მოქმედია 30 დღით, 2025 წლის 18 მარტიდან“ და შეიძლება გაგრძელდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.

ასევე, კრემლის განცხადებით, „თუ რომელიმე მხარე დაარღვევს მორატორიუმს, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ აღარ არის ვალდებული შეთანხმებას დაემორჩილოს“.

სანამ მოსკოვი სიას გამოაქვეყნებდა, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუსი და ამერიკელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას პოზიტიურად, კონსტრუქციულად“.

ასევე, გუშინ, 25 მარტს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმებას მიაღწია შავ ზღვაში „უსაფრთხო ნავიგაციის, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთის“ უზრუნველყოფის შესახებ.

კრემლის განცხადებით, საზღვაო ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება მას შემდეგ, რაც სანქციები მოეხსნება „როსელხოზბანკსა“ და სურსათის რუსულ მწარმოებლებს.

კრემლი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებენ, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ენერგეტიკულ სამიზნეებზე თავდასხმის შესახებ 18 მარტს ამოქმედდა პუტინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმების შემდეგ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ დღემდე ძალაში არ შესულა.