რეჟისორი დათა თავაძე აცხადებს, რომ დაიწყო თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის პროცესი. მისი თქმით, შესაბამის განცხადებას ხელი მოაწერა თეატრალურის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა.
თავაძის განმარტებით, იმისთვის, რომ სახელოსნოს კულტურის სამინისტროსგან მხარდაჭერა მიეღო, აუცილებელი იყო დაეფუძნებინა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ასეთად კი შეირჩა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
თავაძის თქმით, 19 თებერვალს კულტურის სამინისტრომ ორგანიზაციის წესდება მოითხოვა, პროცესი შემდეგნაირად განვითარდა:
„ეს ყოველივე პრაქტიკაში ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და თეატრალური უნივერსიტეტი სახელოსნოს საქმიანობით 2025 წლამდე ერთხელაც არ დაინტერესებულა. 2025 წლის თებერვალში ბიუროკრატიული პროცესი შესაშური სისწრაფით წარიმართა, 19 თებერვალს კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება, 21 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა მიმართა განცხადებით სახელოსნოს გამგეობაში სამი წევრის დამატების შესახებ, მოთხოვნა დააკმაყოფილა 24 თებერვალს, 28 თებერვალს შალუტაშვილმა მოიწვია გამგეობის პირველი და უკანასკნელი სხდომა, ამ პროცესების შესახებ სახელოსნოს ადმინისტრაციამ შევიტყვეთ ამავე სხდომაზე, სპეციალურად თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დასახურად სასწრაფო წესით დანიშნულ გამგეობის წევრებს ცენტრის საქმიანობასთან არასდროს ჰქონიათ შეხება“, – ამბობს თავაძე.
მისი თქმით, ეს წევრები იყვნენ რეჟისორები – ანდრო ენუქიძე, გიორგი სიხარულიძე, თეატრმცოდნე – გია ცქიტიშვილი.
„კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გიორგი ცქიტიშვილი, რომელმაც ყველანაირი განმარტების გარეშე მალევე გვამცნო ცენტრის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის – თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაციის შესახებ. ის ფაქტი, რომ ამ ყოველივეს არ ახლდა არანაირი დასაბუთება, არგუმენტაცია ან ახსნა-განმარტება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია“, – ამბობს თავაძე.
მისი თქმით, შედეგად შეჩერდა 2026 წლამდე დადებული ხელშეკრულებები, 24 თანამშრომელი დარჩა უმუშევრად, გაუქმდა 20-მდე პროექტი.
„პუბლიკა“ ესაუბრა თეატრალურის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს, რომელიც ამბობს, რომ დათა და ნიკა თავაძეებმა კარგად იციან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება:
„მე დათა თავაძის ამ უბინძურეს ცილისწამებებს არ გავცემ პასუხს. პირდაპირ გეუბნებით, მთლიანად ამოწურა ამ ააიპ-მა თავისი ფუნქცია და ვერ შეასრულა, მორჩა, დამთავრდა“, – ამბობს შალუტაშვილი.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა გია ცქიტიშვილსაც, ის ამბობს, რომ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ გაცემული იყო ფული, თუმცა ეს ორგანიზაცია „დანიშნულებას არ ასრულებდა“.
„2022 წელს გარდაიცვალა ბატონი თემური. ერთი წლის მანძილზე არც ერთი სტუდენტი ამ ორგანიზაციას არ ჰყავდა და ხელფასს იღებდნენ. 2022-ის სექტემბრიდან 2023-ის სექტემბრამდე არ იყო არც ერთი სტუდენტი და ხელფასს იღებდა 21 კაცი“, – ამტკიცებს ცქიტიშვილი.
„პუბლიკასთან“ საუბარში ცქიტიშვილიც ამბობს, რომ კულტურის სამინისტროსგან მიიღეს წერილი, რომ მათ სფეროში არსებული ააიპ-ების საქმიანობისთვის გადაეხედათ:
„ახლა ყველა დამფუძნებელ ორგანიზაციას მიუვიდა კულტურის სამინისტროსგან წერილი, რომ თავის სფეროში არსებული ააიპ-ების მოღვაწეობას გადახედონ და ნახონ, რა არის და როგორ არის. კულტურის სამინისტროს გაუგზავნა ყველა თავის შპს-ს. […] ააიპ ვალდებული იყო, ყოველი წლის ბოლოს გაეკეთებინა ანგარიში თეატრის და კინოს უნივერსიტეტის მიმართ, რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში, რაში დაიხარჯა ფული. არც ერთი ფურცელი არაა მოსული ამ ანგარიშის სახით“, – ამბობს ის.
ცქიტიშვილის თქმითვე, ნიკა თავაძეს შესთავაზეს, რომ ეს ორგანიზაცია დაშლილიყო, წარედგინა ახალი პროექტი და მოეთხოვა დაფინანსება.