ზელენსკი: ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ხუთშაბათს, 15 მაისს, პუტინს თურქეთში პირდად დაელოდება და იმედი აქვს, რომ რუსული მხარე მიზეზების ძებნას აღარ დაიწყებს.

„ჩვენ ველოდებით სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ხვალიდან, რათა დიპლომატიის აუცილებელი საფუძველი შევქმნათ. აზრი არ აქვს მკვლელობების გახანგრძლივებას. და ხუთშაბათს თურქეთში პუტინს დაველოდები. პირადად. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები მიზეზებს აღარ მოძებნიან“, — დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

ასევე, ზელენსკის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს და უკრაინას მიმართა და მოუწოდა, რომ შეხვედრა „ახლავე გამართონ“. მან თქვა, რომ პუტინს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და ასევე, ეჭვი ეპარება, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთთან მოლაპარაკებას.


ვლადიმერ პუტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.

პუტინს ზელენსკიმ უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუ ის ხვალიდან, 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ პუტინის ნათქვამი არასწორად გაიგო და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შედგება, სანამ „კონფლიქტის ძირითად მიზეზებზე“ არ გაიმართება მოლაპარაკება.

ასევე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზადაა სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს.