ევროპის საბჭო საქართველოს აქციების საქმეებს გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურას უქვემდებარებს

პუბლიკა

2025 წლის 10-12 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში შეფასდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესი, მათ შორის, ცინცაბაძის და მაქარაშვილის ჯგუფების საქმეების აღსრულების პროგრესიც.

განხილვის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

კომიტეტზე განიხილეს ცინცაბაძისა და მაქარაშვილის ჯგუფები.

ცინცაბაძის ჯგუფი აერთიანებს საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართალდამცავების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.

მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები შეეხება საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე, პოლიციის მიერ დემონსტრანტების უკანონო დაკავებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებას.

ცინცაბაძის საქმეების ჯგუფზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა საქართველო გააკრიტიკა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასცა, როგორც ინდივიდუალური საქმეების ეფექტიანი აღსრულების (მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმის), ისე — ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

„ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მინისტრთა კომიტეტმა მძიმე შეშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესახებ, რომლებშიც აღწერილია სამართალდამცავების მიერ ფართომასშტაბიანი და გადამეტებული ძალის გამოყენება 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებზე.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა ეფექტიანი გამოძიებისა და დასჯის მნიშვნელობას წამების პრაქტიკებისდაუსჯელობის აღმოსაფხვრელად და მკაცრად მოუწოდა ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ საქმეების დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი და სწრაფი გამოძიება. ამასთანავე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოსთხოვა, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების კონკრეტული შედეგების და გამოძიებას დაქვემდებარებული სამართალდამცავებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, — წერია განცხადებაში.

რაც შეეხება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ინიციატივის საბოლოო მიღებისგან და განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, საია წერს, რომ მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, სავალდებულო გახადოს სამართალდამცავების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარება და გაზარდოს სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ვიდეო დოკუმენტირების ეფექტიანობა და მასშტაბი.

„ამასთან, კომიტეტი საქართველოს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების დოკუმენტირების პრაქტიკის შესახებ.

კომიტეტმა ასევე წუხილი გამოხატა მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების განგრძობადი პრობლემის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარანტიების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის მსხვერპლებისთვისდროულ გაცნობას“, — წერია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ასევე მოუწოდა, გააუმჯობესოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც არეგულირებს არასათანადო მოპყრობის დანაშაულების კვალიფიკაციას.

მინისტრთა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციისა და კონვენციასთან და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მონიტორინგის თვალსაზრისით.

„კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი გარემო სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობისთვის, მათ შორის, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესი არაუგვიანეს 2026 წლის მარტის სხდომაზე შეფასდება“, — წერია განცხადებაში.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას მაქარაშვილის ჯგუფზე, კომიტეტმა ამ ჯგუფის ფარგლებში არსებული საკითხების მნიშვნელობიდან და ამ საქმეების აღსრულების პროცესში ხელშესახები პროგრესის საჭიროებიდან გამომდინარე, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურას დაუქვემდებარა.

„მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ საქმეებში მომჩივნების მიერ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება ზოგადი ღონისძიებების გატარებას. ამასთანავე, კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსუსხავი ეფექტის გავლენა ამ ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაზე.

მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაავალა. კერძოდ, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციების კონტექსტში ადმინისტრაციული დაკავების/პატიმრობისა და მსჯავრდებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს, სასამართლო და სამართალდამცავი პრაქტიკების ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გატარდება, მათ შორის, კანონის არაპროპორციული და თვითნებური გამოყენებისგან უფლების დაცვის სათანადო საშუალებების უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, სახელმწიფომ კომიტეტს უნდა მიაწოდოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები და რელევანტურიპრაქტიკის ანალიზი“, — წერია განცხადებაში.