„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას უყრიან კენჭს – მზია ამაღლობელის მხარდამჭერი 7 პროექტიდან კენჭისყრაზე დღეს გავა რეზოლუციის შეჯერებული ტექსტი EPP, S&D, ECR, Renew და Verts/ALE ჯგუფის სახელით
ერთობლივ ტექსტში „ოცნების“ რეპრესიული კანონების შეფასებისას აღნიშნულია, რომ ეს არის „ქართული ოცნების” ავტორიტარული სტრატეგია კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად გაანადგურა დარჩენილი დამოუკიდებელი მედია და საინფორმაციო სივრცე მთლიანად დომინირებულია მთავრობასთან დაკავშირებული მედიების მიერ, რომელიც რუსული ტიპის პროპაგანდასა და ანტიევროპულ დეზინფორმაციას ავრცელებენ.
მზია ამაღლობელის საქმეზე კი ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო სამართლებრივი პროცედურული, მას წინასწარი პატიმრობა მკაფიო იურიდიული საფუძვლის გარეშე შეუფარდა, რაც სახალხო დამცველმაც გააკრიტიკა, ხოლო მისი საქმე მიაბარა მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი:
- მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა ბრალდების მოხსნას და გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და დევნას;
- მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე;
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტების თვითნებური დაკავებებისა და ძალადობის, მათ შორის დისკრედიტაციის კამპანიის, იურიდიული დევნისა და გენდერული ჩაგვრის ფაქტების გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულოს დაშინებები და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციური ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნია მელია, ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; გმობს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივი გატაცებას და შვილების წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარის ცნობებს;
- მოითხოვს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიის აღდგენას, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლების სრულ დაცვას;
- მოუწოდებს ევროკავშირს, უზრუნველყოს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და დააკვირდეს მიმდინარე სასამართლო პროცესებს;
- წუხს საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და კომისიის რეაგირების ნაკლებობის გამო და კვლავ მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი დემოკრატიულ უკუსვლაზე.
გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე დებატებიც, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება მზია ამაღლობელის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას დაეთმო.
ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა დებატებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” ქვეყანას სწრაფად გარდაქმნის ავტორიტარულ სისტემად, ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრება აშკარად პოლიტიკური ხასიათისაა და მედიაზე ზეწოლის ნათელი მაგალითია. მისი თქმით, ევროპარლამენტმა არაერთხელ მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნების დანიშვნა, რაც დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზაა.
ევროპარლამენტარმა ლენა შილინგიმ კი თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი სიმბოლოა იმ მედიის, რომელიც, მიუხედავად რეპრესიებისა, დგას სიმართლის მხარეს. მისი თქმით, მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ნიშნავს მხარდაჭერას თავისუფალი და ევროპული საქართველოსთვის.