„რას აკეთებდა გერმანიის ყოფილი ელჩი 20 ივნისს პარლამენტში?!" - წულუკიანის კომისიაზე გიორგი ჭოლაძე დაიკითხა

პუბლიკა

დღეს თეა წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისის საქმეზე დაიკითხა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე.

მან კომისიაზე გაიხსენა, რომ 20 ივნისის ღამეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პარლამენტში იმყოფებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად. ასევე, ისაუბრა, რომ იმ საღამოს პარლამენტში, ასევე, იმყოფებოდა გერმანიის იმდროინდელი ელჩი, ჰუბერტ კნირში – ჭოლაძემ აღნიშნა, რომ მან გახარიას დაუსვა კითხვა, რატომ იყო ელჩი აქციის ღამეს პარლამენტში, რაზეც შსს-ის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ ის „რუსთაველზე სეირნობდა და შენობაში აიყვანეს”.

თეა წულუკიანმა გერმანიის ყოფილ ელჩზე საუბრის დროს თქვა, რომ კნირში გამოირჩეოდა „ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისთვის „დავალებების” მიცემით და ჭოლაძეს სთხოვა, გაეხსენებინა, რას აკეთებდა იმ ღამეს დიპლომატი საკანონმდებლო ორგანოში და რა კომუნიკაცია ჰქონდა მას გიორგი გახარიასთან:

თეა წულუკიანი: თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვენის კონვენციაც ახსენეთ, მაგრამ პროფესიონალური შეფასება რომ მოგვცეთ – გავიგე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატი, სხვა ქვეყნის ელჩი, როცა აქციის აგრესიული, არამშვიდობიანი, პარლამენტში შემოჭრის მცდელობა რომ აქვს, ასეთი აქციის დაშლას რომ აკეთებ შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ დროს გვერდში არ უნდა იყოლიოს სხვა ქვეყნის ელჩი, ელემენტარული რამ არის.
გიორგი ჭოლაძე: თან რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანესო, მე მითხრა პირადად.
თეა წულუკიანი: კი, მაგრამ ახლა შევხედოთ ელჩის თვალით, რამდენად აქვს ელჩს უფლება, რომ დაჯდეს იმ ადგილას, საიდანაც მიმდინარეობს აქციის დაშლის ოპერაცია. დიპლომატიური თვალით რომ შეხედოთ, რა არის ეს? გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ზის და აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული მინისტრი რას მოიქმედებს, დავალებები შეიძლება მისცეს, რჩევა შეიძლება მისცეს არასწორი ან სწორი, თუ რა არის საერთოდ ეს? როგორც დიპლომატი, რას ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
გიორგი ჭოლაძე: ზოგადად, ეს არ იყო ლამაზი, იქ ელჩი არ უნდა ყოფილიყო…
თეა წულუკიანი: ბატონი კნიში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი ყოფილა ამის გამო, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა. მე შევსწრებივარ სხვა საუბრებს სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის, პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მათ და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო”. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე როგორც კულტურის მინისტრმა, მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ, გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
გიორგი ჭოლაძე: გულწრფელად გეუბნებით, იჯდა და აკვირდებოდა სიტუაციას.
თეა წულუკიანი: უთარგმნიდა ვინმე?
გიორგი ჭოლაძე: არა, მე ვესაუბრე, ოღონდ რაღაც ასე „რა ხდება, დაძაბულია სიტუაცია” ასეთ კითხვას თუ დასვამდა… იჯდა და უყურებდა სიტუაციას, მასთან განსაკუთრებული მისვლა და კომუნიკაცია არ ყოფილა. იჯდა ასე, გვიყურებდა, პროცესში რომ არ იყო ჩართული. შეიძლება, გახარიას ესაუბრებოდა, მე ეს ნამდვილად არ დამინახავს… კომუნიკაცია არსებობდა იქ, ბუნებრივია, მაგრამ რაზე ესაუბრებოდა… გახარიამ გერმანული ბრწყინვალედ იცის…
თეა წულუკიანი: აი, ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ თქვენ, როდესაც იქ არ იყავით და არ ესაუბრებოდით ელჩს გერმანულად, ეს იმას მოწმობს, რომ მას და ელჩს შეეძლოთ თარჯიმნის დახმარების გარეშე ურთიერთობა…

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, გახარიას შეტყობინება უკვე გაეგზავნა და ის 23 ივნისსაა დაბარებული.

წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს. დღეს სხდომაზე წულუკიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ გახარია ორშაბათს კომისიაზე მისვლის შემთხვევაში განმარტებებს გააკეთებს 20 ივნისზეც.