გივი თარგამაძე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, მას 2 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.
თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა, შემდეგ კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა.
როგორც მან შენობაში შესვლამდე განაცხადა, წულუკიანის კომისიის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
მისი თქმით, აქვს უფლება, ეგონოს, რომ ეს განაჩენი არის „რუსეთის დაკვეთა“.
„გავიმარჯვებთ აუცილებლად და ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო მალე, ვიდრე მეგონა მეც აქამდე. […]
[რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი] მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ, სამწუხაროდ, ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცველებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაჰკითხონონ.
მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. ამაფეთქეს რუსებმა… მაქვს უფლება, რომ მეგონოს“, – თქვა მან.
გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 7-7 თვე აქვთ მისჯილი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს, 8-8 თვე კი – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.