„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები მიიღო.
პაკეტში წარდგენილი ცვლილებებით, კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება, ამასთან, ცვლილებით, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში მთლიანად უქმდება 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
„273-ე პრიმა მუხლის მთლიანად ამოღება ხდება და როგორც მოქმედი რედაქციით არის – მცირე ოდენობის კანაფის (10 გრამამდე) და მარიხუანის (გამომშრალი 5 გრამამდე, ნედლი 10 გრამამდე) იწვევს ადმინისტრაციულ სახდელს, ხოლო განმეორებით იგივე ქმედება ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ამ რეგულაციას არ აქვს პრევენციული მექანიზმი და ეფექტური ხასიათი, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ ამ რაოდენობასთან დაკავშირებითაც ანუ განმეორების შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი წესით მოხდეს პასუხისგება – ჯარიმით, საზოგადოებრივი შრომით ან 1 წლამდე პატიმრობით.
მცენარე კანაფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დოზები იწყება 10 გრამიდან და საწყისი ოდენობაა 10 გრამიდან 155 გრამამდე, ხოლო გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში ესაა 5-დან 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში – 10-დან 140 გრამამდე.
ამ ოდენობის მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა გამოიწვევს 260-ე მუხლით პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი რეგულაციისა, სადაც სისხლის სამართლის წესით დასჯადობა ანუ თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი.
დიდი ოდენობის შემთხვევაში ზუსტად იმავენაირად კანაფსა და მარიხუანაზე იგივე პასუხისმგებლობა დადგება, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, იგივეა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც ეხება შეძენა-შენახვას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის [მათ შორის კანაფის] უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას დაარეგულირებს.
ამავე პაკეტში შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებაც, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობის დაფარვა.
პირის ვინაობის დაფარვის უფლებამოსილება პროკურორს ექნება, გენპროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.
თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის ვინაობის დაფარვას, ის სასამართლოში დისტნაციურად დაიკითხება, რათა დაცვის მხარემ ვერ შეძლოს მისი იდენტიფიცირება.
დღეს „ოცნების“ პარლამენტმა ასევე მიიღო ცვლილებები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.