ძალადობაში მონაწილე პოლიციელთა დასჯის მოთხოვნით Amnesty International გლობალურ კამპანიას იწყებს

პუბლიკა

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობაში მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით Amnesty International გლობალურ კამპანიას იწყებს.

განცხადებაში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აქციის მონაწილეები არიან გადამეტებული ძალის, თვითნებური დაკავებების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის სამიზნეები, თუმცა ამ დრომდე არ დასჯილა ძალადობაში მონაწილე არცერთი პოლიციელი

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა დაშლის, ცემის, შევიწროებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის კანონის სელექციურად გამოყენების პრაქტიკა. საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება გადამწყვეტია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად”, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამპანია ძირითადად ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ საქმეებს იმ პატიმრებისა, რომლებიც პროტესტის უფლების გამოყენების გამო არასათანადო მოპყრობის, უსამართლო სასამართლოსა და პატიმრობის მსხვერპლნი გახდნენ – ორგანიზაცია მათ შორის გამოჰყოფს საბა სხვიტარიძისა და მზია ამაღლობელის საქმეებს.