შსს: დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც თბილისში, ყაჩაღობის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ღამის საათებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ და იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ნივთები მოსთხოვეს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი – 2005 წელს დაბადებული ს.ა., 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ., და ამავე წელს დაბადებული დ.ა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები.

უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.