თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამვლელი პირი სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.
სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებში.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კაცი რომელიც მძღოლს გამოესარჩლა პაატა სამარგულიანია. როგორც მან მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში თქვა, ის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული.
როგორც ის ჰყვება, ის გამოესარჩლა ახალგაზრდა კაცს, მძღოლს, რომელსაც პოლიციელები აკავებდნენ. როგორც ის იხსენებს პოლიციელებმა მისი დაკავება მას შემდეგ სცადეს, რაც მან პოლიციელებს მიმართა – „ჩემნაირი ხალხი და მე მოვა დრო და ყოფას გიტირებენ-მეთქი.“ დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
„ქუჩაზე გადავდიოდი, ვნახე რომ პოლიციელი ეჭიდავება ახალგაზრდა კაცს, მანქანაში პატარა ბავშვები ისხდნენ… ვუთხარი ნუ ეჩხუბები-მეთქი შვილო ამ კაცს, უთხარი წესიერად, აუხსენი, ჩასვი წყნარად მანქანაში და წაიყვანე, რათ უნდა წივილ-კივილი და ჩხუბი-მეთქი, შენ ვინ გეკითხებაო. მე ვუთხარი რას ჰქვია ვინ მეკითხება, მე ხალხი ვარ-მეთქი, ხვალ ჩემნაირი ხალხი და მე მოვა დრო და ყოფას გიტირებენ-მეთქი, შენო მე რატო შემაგინეო და დამეტაკა და დამიწყო მოგვერდები… მერე აღარ მახსოვს გონება დავკარგე… სასწარაფო გამოიძახეს…
მაგათ უნდოდათ გინდა თუ არა წამოგვყევი პოლიციაშიო, მაგრამ ვერ წამოგყვებით-მეთქი, ცუდად ვარ, არ შემიძლია-მეთქი, ერთი საათი მელოდნენ, დამსდევდნენ მანქანაში ჩაჯექიო… ვერ ვხსნი ვერანაირად [პოლიციელების ქმედებას] იმიტომ რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, როდემდე შეიძლება ასე ვიცხოვროთ?
ერთი მხრივ ცუდია როცა პოლიციელი რაღაცას აკეთებს და ხელს უშლი, როცა ის პოლიციელი არის მართალი – ეს არის დანაშაული, მაგრამ როდესაც თვითონ არასწორად იქცევა, ნებისმიერი ვინც არასწორად იქცევა, იმას უნდა უთხრა, გვერდზე არ უნდა წახვიდე, უნდა უთხრა , შენ თუ არ უთხარი იმის იმედზე რომ სხვა ეტყვისო, ის სხვაც არ ეტყვის ცოტა ხანში, ეს ყველაფერი მერე მოგიბრუნდება შენ, აი როგორც მე… დაბარებული ვარ, ხელწერილი დამაწერინეს რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.. “,- უთხრა „ფორმულას“ პაატა სამარგულიანმა.“,- ჰყვება „ფორმულას“ ეთერში სამარგულიანი.