შვედეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შვედეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სერიოზული შეშფოთება გამოხატეს.
ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და დაკავება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა” – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტენერგარდი პლატფორმა X-ზე.
11 ივლისს, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.
ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.