პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა „გაუმართლებელია”. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და თქვა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.
„მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ გაქვთ ინტერესი, ეს არის მიიღებს თუ არა პარტია ხალხისთვის და მე, ანა დოლიძე, მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეძახის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს…
მე მინდა, პირველ რიგში, მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, რომ შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები.
ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. […]
თუმცა, ამავე დროს პარტია „ხალხისთვის“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს, მიგვაჩნია, რომ რესურსების დახარჯვა, რომ იარო სოფელ-სოფელ და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”, – თქვა დოლიძემ.
ცნობილია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იღებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს.
8 ოპოზიციურ პარტიას ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ მიიღებს.