ლუკა კურტანიძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლის საფუძველზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.
აღნიშნული ორივე მუხლით გათვალისწილებული დანაშაული ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
როგორც დღეს, 27 ივლისს ლუკა კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. მედიით დაპირისპირების ვიდეოკადრებიც გავრცელდა.
მიქაცაძე „TV პირველთან” ამბობს იმასაც, რომ ძალადობის წინა შემთხვევებზეც პოლიციას არ ჰქონია შესაბამისი რეაგირება და რომ კურტანიძის მიმართ ლოიალობას სთხოვდნენ:
„ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და არც მეათე შემთხვევა – ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან…
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9-თვიანი მის მიმათ გამოცემული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და „წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო”, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე.