სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის განკარგულება „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის 200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ მიიღო.
7 ივლისს რომეო ტყეშელაშვილმა „უნებართვოდ დაჯდომის“ გამო „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი 200 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტი, რომელსაც სასამართლო პროცესების გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ჰქონია. ნინო თარხნიშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა.
„ყველა რომ დგება ფეხზე, ყურში რომც არ გესმოდეთ, თვალში მაინც ალბათ ხედავთ, ესე იგი არ უნდა იყოთ გამონაკლისი“, – უთხრა მოსამართლემ ნინო თარხნიშვილს. ჟურნალისტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის ფეხზე ადგა, რაზეც ტყეშელაშვილმა უპასუხა – „დაბრძანდითო გითხრათ ვინმემ?“
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თავის განჩინებაში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ვიდეო-ჩანაწერით დგინდება, რომ ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა:
„თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნინო თარხნიშვილის მიზანი არ იყო სასამართლოს უპატივცემულობა, ხოლო ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირი, ნინო თარხნიშვილი შესვენებიდან დაბრუნებულ სასამართლოს, სხდომის მდივნის მოწოდებისთანავე ფეხზე წამოუდგა, მაგრამ სასამართლოს ნებართვის გარეშე დაჯდა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად და სხდომის თავმჯდომარის განკარგულების დაუმორჩილებლობად მიჩნევის საკმარის საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2025 წლის 7 ივლისის განკარგულება 200 ლარით დაჯარიმების შესახებ უნდა გაუქმდეს“, – წერია მოსამართლე ირაკლი შენგელიას განჩინებაში, რომელიც 31 ივლისსაა გამოცემული.