4 ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

კონკურენციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ოთხი ფარმაცევტული კომპანია – „გლობალ ცბს“, „კონცეპტ ფარმა“, „რიჩ გრუპი“ და „გეა“ – 560 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, საქმე ეხება სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.

სააგენტოს შეფასებით, კომპანიების მიერ განსაზღვრული ფასები, მნიშვნელოვნად, აღემატებოდა გონივრულ და ეკონომიკურად დასაბუთებულ დონეს.

„კომპანიები მედიკამენტების თვითღირებულებაში ითვალისწინებდნენ ისეთ ხარჯებს, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა პროდუქტის რეალურ ფასს – ძვირადღირებული საჩუქრები, ოქროს სამკაულები, სპექტაკლებზე და კულტურულ ღონისძიებებზე მოწვევები, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები, ევროპასა და საქართველოში ძვირადღირებულ სასტუმროებში გამართული კონფერენციები, კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური მომსახურება, კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და სანქციები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა“.

სააგენტომ გასცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა „საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით”.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. „დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა“.