„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი“ - PACE-ის მონიტორები

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე — ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) მკაცრად დაგმეს მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი.

„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად ბოროტად გამოყენების მაგალითია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საქართველოს წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, — განაცხადეს მომხსენებლებმა, რომლებიც წელს საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

გუშინ, 7 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.

კერძოდ:

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.